კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ბოლო ხუთი წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები გააანალიზა. კომისიაში განმარტავენ, რომ მონაცემების მიხედვით, სარეკლამო შემოსვალები გაზრდილია.
კომისია არ ეთანხმება მაუწყებლების მიერ შემოსვალებთან დაკავშირებით კომისიაში წარდგენილ მონაცემებს და კახა ბექაური ამბობს, რომ სარეკლამო შემოსავლები მზარდია.
კომისიამ ციფრების საკუთარი, ალტერნატიული ვერსია წარმოადგინა. მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, მსხვილმა ტელევიზიებმა 2017 წელს 2016 წლის შემოსავლის 20% ვერ მიიღეს, ამის მიზეზად კი კახა ბექაური ასახელებს 2017 წელს "რუსთავი 2"-სა და "იმედის" მიერ "ინტერმედიაზე" რეკლამის გაყიდვის უფლების გადაცემას.
„2012-დან 2017 წლამდე სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია, 12-დან 17 წლამდე, დაახლოებით, 26 მილიონი ლარით გაიზარდა. 2017 წელს ორმა მსხვილმა მედიაჰოლდინგმა - „რუსთავი 2-მა“ და „იმედმა“ და მასში გაერთიანებულმა 6-მა არხმა რადიკალურად შეცვალა მისი სარეკლამო დროის გაყიდვის მოდელი, რამაც საერთოდ ამოაყირავა მანამდე არსებული შემოსავლების განაწილების სტრუქტურა ბაზარზე და შემოსავლები არაბუნებრივად გადაანაწილა ბაზრის მოთამაშეებს შორის. შედეგად მივიღეთ, რომ დამატებით, რაც ბუნებრივი იყო გარდა იმ 7 პროცენტისა, რომელიც რეკლამის დამკვეთების თანხასა და ტელევიზიებში მისულ თანხამდე რჩებოდა, ამის გარდა დამატებით, 15 მილიონი ტელევიზიებს მიღმა დარჩა. შედარებითი ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ სარეკლამო ბაზარი კი არ არის დაკლებული, არამედ ეს დამატებითი 20% სხვა წლებისგან განსხვავებით არის დარჩენილი ტელევიზიებს მიღმა, სარეკლამო ბაზარი კი არ შემცირდა, შემცირდა თანხა, რომელიც ამ 6 ტელეკომპანიამდე მივიდა,“- განაცხადა კახა ბექაურმა.