18 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ბექაურს აქვს პირადი ინტერესები სარეკლამო ბაზარზე- ნიკა გვარამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის განცხადებას პასუხობს 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თანახმადაც, 2012-17 წლებში, რეკლამიდან მიღებული შემოსავლები მზარდია, მწვავე გამოხმაურება მოყვა კერძო მაუწყებლების წარმომადგენლების მხრიდან. მათი განცხადებით, ის ციფრები, რომლებიც კახა ბექაურმა წარადგინა სიცრუეა.

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, კახა ბექაურს სარეკლამო ბაზარზე საკუთარი ინტერესები აქვს. მისი თქმით, დღეს ყველასთვის ცნობილია, რომ სარეკლამო ბაზარი დანგრევის პირასაა.

„დანგრეულია ის ბაზარი მიზანმიმართულად, ბატონი ბექაურის იდეების გაზიარებით და პირველ რიგში, ეს არის სარეკლამო რეგულაციები, რომელიც სწორედ მისი ინიციატივა იყო, ამიტომ, ბატონმა ბექაურმა არამხოლოდ პოლიტიკური და თანამდებობრივი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს, ჩემი აზრით, ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სფეროშიც გადასულია, იმიტომ რომ აქვს პირადი ინტერესები, ჩვენი ინფორმაციით, სარეკლამო ბაზარზე.

ყველამ იცის მედიაში, არა მხოლოდ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, არა მხოლოდ ტელეკომპანია „იმედმა“, არა მხოლოდ მსხვილმა ტელეკომპანიებმა, არამედ წვრილმა ტელეკომპანიებმაც, რომ ბაზარი არის დანგრევის პირას. რა სისულელეებიც არ უნდა ილაპარაკოს, ამ მხრივ, საკმაოდ გამორჩეულმა ბატონმა ბექაურმა, ეს არის ფაქტი. ის, რომ სარეკლამო სააგენტოების წილი სადღაც არის გათვალისწინებული, სადღაც არ არის, ეს არის ის, რაც ყოველწლიურად სარეკლამო ბაზარს თან ერთვის, თან პრაქტიკულად უცვლელი მარჟით და ეს არავითარ ცვლილებებს არ იწვევს სარეკლამო ბაზრის მიმართულებით,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

განცხადება გააკეთა ტელეკომპანია ”კავკასიას” გენერალური დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმაც, რომელმაც თქვა, რომ კახა ბექაურის მიერ მოყვანილი ციფრები არა მატებას, არამედ სარეკლამო ბაზრის კლებას ადასტურებს.

„ბექაური გვეუბნება, რომ ციფრებს კი ნუ დაუჯერებთ, დაუჯერეთ ჩემს რაღაც წარმოსახვებს და ამის შედეგად უნდა თქვათ თქვენ, რომ ბაზარმა მოიმატა, რაც აბსურდია. მან მოატყუა პარლამენტის თავმჯდომარე და სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენა, როცა ის ამტკიცებდა, რომ სარეკლამო ბაზარი იზრდება,“- აცხადებს ჯანგირაშვილი.

კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია ”იბერიას” სარეკლამო სამსახურის წარმომადგენელმა ანი მეტრეველმა.

„კომპანია იბერია სულდგმულობს, ასე ვთქვათ, ერთადერთი ძირითადი დამკვეთით, ეს არის ომეგა ჯგუფი,“ - აღნიშნა მეტრეველმა.

 

დღის ამბები