„პრემიერის განცხადება ეს არის თვალში ნაცრის შეყრა საზოგადოებისთვის“- ასე ეხმაურება საპარლამენტო ოპოზიცია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომელიც მან უვადოდ დანიშნული მოსამართლეების მისამართით გააკეთა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ პრემიერი ცდილობს წარმოაჩინოს ისე თითქოს ამ პროცესში ხელისუფლება არ მონაწილეობს.
„ჩვენ სასამართლო სისტემაში რჩებიან ის მოსამართლეები, რომელთა დაკავშირებითაც საზოგადოებას აქვს ყველაზე მეტი შეკითხვა და რომელთა მიმართაც ნდობა საზოგადოებაში არ არსებობს. იმიტომ , რომ ესენი არიან მარტივად მართული მოსამართლეები. მათი დატოვება შესაბამის სისტემაში შედის ხელისუფლების ინტერესებში და პრემიერ-მინისტრი საკუთარი განცხადებებით უბრალოდ ცდილობს, რომ ჩვენ შეგვიქმნას განცდა , რომ თითქოს ქვეყანაში რეალურად არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, რაც ყველა ჩვენთაგანმა იცის რომ არის უბრალოდ სიცრუე,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პრემიერის კრიტიკას ეხმაურება „ევროპული საქართველოც“. ოთარ კახიძე ამბობს, რომ პარტია ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ იუსტიციის საბჭოს იმ შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება გამოიწვევდა სწორედ ამ შედეგს.
„იმის ნაცვლად რომ მიეღოთ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მიიღეს კვლავ გარკვეული კლანის მიერ მართული სასამართლო სექტორი, რომელიც ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს. საკმაოდ უხარისხოდ და ამ ყველაფერმა დააკნინა მართლმსაჯულების სისტემა. დააკნინა კანონის უზენაესობა. და ის სისტემა რომლის მიმართაც მაღალი ნდობა უნდა იყოს დღეს პირიქით გამოირჩევა უნდობლობით,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.
იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება პრემიერმა გააკრიტიკა. გიორგი კვირიკაშვილს კითხვები უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებით აქვს.
მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველ მოსამართლე - მანუჩარ კაპანაძეზე.
პრემიერის განმარტებით, აუცილებელია ყველა კითხვას საჯარო პასუხი გაეცეს, თუმცა განცხადებაში არ აკონკრეტებს, ვინ უნდა გასცეს პასუხი ამ კითხვებს.