„მე და ჩემთან ერთად აქ მყოფებს არ გვინდა ვცხოვრობდეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ხალხს იტაცებენ და საზღვარგარეთ გზავნიან,“- ქუთაისში პარლამენტის სესიის პარალელურად, აქცია გაიმართა.
ქუთაისელი ახალგაზრდები საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის აუცილებლობაზე საუბრობენ.
აქციის მონაწილეების თქმით, საქმის გარშემო ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა და ამ დრომდე გასაიდუმლოებული ფაქტები აუცილებელია, საჯარო გახდეს.
აქციის მონაწილეებთან „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია მივიდა.
„აქცია ეს არის ახალგაზრდების გამოხატული პროტესტი და მოთხოვნა პარლამენტის მიმართ, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და სახელმწიფომ უპასუხოს იმ რეალურ კითხვებს, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.