"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, "ვაშინგტონ პოსტის" სტატიას პოლიტოლოგები ეხმაურებიან. "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" წევრი ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ ქვეყანამ კარგად უნდა გააკონტროლოს საზღვრები, მით უფრო მაშინ, როდესაც არსებობს ჩატაევთან დაკავშირებული გამოცდილება. ამასთან, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ აისის-ის ყოფილი მებრძოლების დაბრუნება საქართველოზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.
„რა თქმა უნდა ასეთ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებული ადამიანების დაბრუნება ქვეყანაში ძალიან ცუდია. მით უმეტეს, როდესაც რამდენიმე ათეულ ადამიანზე ვსაუბრობთ. პოტენციალურად შეიძლება ჩვენი ტერიტორია გამოყენებული იქნას. თუმცა ის, რომ ახლო აღმოსავლეთში აისის-იმ დაკარგა პოზიციები და ისინი ბრუნდებიან თავის ქვეყანაში, ეს უკვე საფრთხეს წარმოადგენს, ეს უკვე პრობლემაა და ეს უკვე გამოწვევა არის ნაბისმიერი ქვეყნისთვის და ნაბისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის,“-განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ აგლაძემ.
ვაშინგტონ პოსტის სტატიას ეხმაურება ”კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარე. პოლიტოლოგი ზაალ კასრელიშვილი ამბობს, რომ ქართველმა სპეცსამსახურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველო არ იქცეს ტრანზიტ ქვეყანად ამ დაჯგუფებებისთვის, რაც შესაძლოა ეს რუსეთ-საქართველოს შორის ახალი საომარი დაპირისპირების მიზეზი გახდეს.
„მთელი საქართველო დგება სერიოზული გამოწვევის წინაშე და ამ გამოწვევებს თავი უნდა გაართვას სპეცსამსახურებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთელი აქცენტები ამ გადაადგილებისა რუსეთისკენ იქნება მიმართული და ჩვენ არავის უნდა მივცეთ საშუალება, რომ საქართველო როგორც ტრანზიტი ქვეყანა გამოიყენონ და ამით ახალი საომარი დაპირისპირებების კერა შექმნან რუსეთსა და საქართველოს შორის,“-აცხადებს ზაალ კასრელიშვილი.
"ვაშინგტონ პოსტი" წერს, რომ ერაყსა და სირიაში დამარცხების შემდეგ, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა საკუთარ ქვეყნებში დაბრუნება დაიწყეს. გამოცემა ორი გავლენიანი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც საქართველოში აისისის 50 მებრძოლი დაბრუნდა. "სოუფანის ცენტრმა" და "გლობალური სტრატეგიის ქსელმა" 5600 მებრძოლის მარშრუტი და მათი დანიშნულების ადგილებიც დაადგინა. კვლევის თანახმად, დაბრუნებული მებრძოლები პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენენ, მაგრამ ხდებიან შთაგონების წყარო რადიკალიზმისკენ მიდრეკილი ახალგაზრდებისთვის.