თბილისის მერიამ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 5 ათასზე მეტი სამშენებლო ნებართვა გასცა. მონაცემებს სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ნებართვები 2017 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს არის გაცემული. 5032 სამშენებლო ნებართვიდან აშენებული და ექსპლუატაციაში შესული ჯერ მხოლოდ 860-ია. სად უნდა აშენდეს დარჩენილი 4 ათასზე მეტი შენობა?-ამ კითხვას სვამენ სპეციალისტები, რომლებიც დედაქალაქის მერს, კახი კალაძეს, მისი წინამორბედის მიერ გაცემული ნებართვების გაუქმებას ურჩევენ.
არქიტექტორები და ურბანისტები ფიქრობენ, რომ ქაოტური განაშენიანების დროებით შეჩერება დედაქალაქის კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი საშუალება იქნება. სპეციალისტები თვლიან, რომ დედაქალაქი კატასტროფულ მდგომარეობამდე თბილისის ყველა წინა მერის გაუაზრებელი გადაწყვეტილებების გამო მივიდა.
თბილისის მერი კახი კალაძე კატასტროფული მდგომარეობის შესაჩერებლად გეგმას უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს. მანამდე კი ცალკეულ მშენებლობებზე გაცემული ნებართვების გაუქმებას არ გამორიცხავს.