სოფელ ბუკისციხის ერთადერთი სკოლის შენობა შესაძლოა დაანგრიონ. აქ სასწავლო პროცესის შეწყვეტის განკარგულება განათლების სამინისტრომ გასცა. მიზეზად კი შენობის ავარიული მდგომარეობა დასახელდა. სკოლის ავარიულობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა არ უნახავს და სკოლის დირექტორს. ის ვარაუდობს, რომ შენობა უსაფრთხოა და ამ ტერიტორიით კონკრეტული პირები არიან დაინტერესებული.
ის რომ სოფლის ერთადერთი საჯარო სკოლის დანგრევით ადგილობრივი ხელისუფლებაა დაინტერესებული, ამას პედაგოგებიც არ გამორიცხავენ.
შენობის დემონტაჟის წინააღმდეგია ადგილობრივი მოსახლეობაც. ადგილობრივები ამბობენ, რომ სკოლის გაუქმების შემდეგ სოფელი საბოლოოდ დაცარიელდება.
სკოლის დირექტორის მსგავსად, ბუკისციხის მცხოვრებლებიც დარწმუნებული არიან რომ შენობა მყარია ხოლო მისი დანგრევით კონკრეტული პირები ფინანსურ სარგებელს ნახავენ.
კიდევ ერთი ვერსია, რასაც შესაძლოა სკოლის დემონტაჟი უკავშირდებოდეს, სკოლის ეზოში მდგარი 100 წლოვანი ცაცხვია. ადგილობრივები "კურიერს" უყვებიან, რომ ამ ხით ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა. ხის ფესვები კი იმდენად ღრმაა, რომ მისი წაღება მხოლოდ სკოლის დანგრევითაა შესაძლებელი.
პედაგოგებისა და ადგილობრივების ბრალდებებს ჩოხატაურის რესურსცენტრში პასუხობენ. უწყებაში თანამდებობის პირების დაინტერესებას გამორიცხავენ და ავარიული სკოლის ადმინისტრაციისაგან სასწავლო პროცესის დაუყონებლივ შეწყვეტას მოითხოვენ.
ავტორი: ლადო მენაბდე.