ოკუპირებული ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში, სავარაუდოდ, დღეს გადაასვენებენ. ოჯახი საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას ელოდება.
ავღანეთისა და ერაყის მისიებში მონაწილე არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი, ოკუპირებულ რეგიონში შვილის გადმოსასვენებლად გუშინვე გაემგზავრა, თუმცა, შემდგომი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, ის უკან დააბრუნეს.
ყოფილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი და ნათესავები ცხინვალის იზოლატორში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზების დადგენას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
დაღუპულის ოჯახს არ სჯერა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ვერსიის, რომ მისი ტატუნაშვილი კიბიდან დაგორების დროს გულის შეტევით გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ნათესავები დარწმუნებულები არიან, რომ არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოკლეს.