ოკუპირებული ცხინვალის ციხეში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენების შემდეგ, ექსპერტიზას ჩაუტარებენ.
ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში, სავარაუდოდ, დღეს უნდა გადაასვენონ. ოჯახი საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას ელოდება.
არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი, ოკუპირებულ რეგიონში შვილის გადმოსასვენებლად გუშინვე გაემგზავრა, თუმცა, შემდგომი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, უკან დააბრუნეს.
ყოფილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი და ნათესავები არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზების დადგენას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
გარდაცვლილის ნათესავები დარწმუნებულები არიან, რომ არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოკლეს.
ახალგორის რაიონიდან დევნილი საქართველოს მოქალაქე, არჩილ ტატუნაშვილი, ორ მეგობართან ერთად, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ გაიტაცეს. ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქეები იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი ამ დრომდე რჩებიან. პავლიაშვილის ახლობლებს არა აქვთ ინფორმაცია, თუ რა გახდა დაკავების მიზეზი.