ცნობილი ტელეწამყვანის, გიორგი სანაიას, ოჯახი ჟურნალისტის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების ჩატარებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით გიორგი სანაიას ოჯახი საგამოძიებო უწყებას წერილობით რამდენიმე დღეში მიმართავს.
გიორგი სანაიას ძმის, ვახო სანაიას, თქმით, ოჯახი საქმის ხელახალი გამოძიების აუცილებლობაში მას შემდეგ დარწმუნდა, რაც კვირას პოსტ სკრიპტუმის სიუჟეტში გიორგი სანაიას მკვლელობის ახალ გარემოებაზე იყო საუბარი.
„ის ლაპარაკობს დეტალებზე და ავითარებს პანკისურ ვერსიას, მათ შორის კასეტასთან დაკავშირებით. ის პირდაპირ აცხადებს, რომ იცის, ვინ იყო ამ მკვლელობის ორგანიზატორები, დაასახელა ყოფილი მაღალჩინოსნები. ამბობს, რომ იცის, ვინ შეასრულა ეს მკვლელობა და აცხადებს, რომ ეს იყო შოთა ჭიჭიაშვილი. ჩვენ, ოჯახი ვითხოვთ, რომ მოხდეს პროკურატურის მხრიდან ამაზე რეაგირება. ჩვენ არ ვიცით, ვინ რა ინტერესით, რატომ ახლა, რატომ დაიწყო მან ამაზე ლაპარაკი. ჩვენ არასდროს გავსულვართ სამართლებრივი სივრციდან და არც გავალთ. ეს ყველაფერი არის გამოძიების გასაკეთებელი,“ - განაცხადა ვახო სანაიამ.
კომენტარი გააკეთა გიორგი სანაიას მეუღლემ, ხათუნა ჩხაიძემ.
ოჯახის მტკიცებით, გიორგი სანაია შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა და ეს საქმე ძირფესვიანად უნდა იყოს გამოძიებული.
„სამწუხაროდ, არ მოხდა ამ საქმის გამოძიება, მოხდა მისი შეკერვა. არც საზოგადოებას და არც ოჯახს არ გვჯერა იმ ვერსიის, რასაც გვთავაზობდნენ სამართალდამცავი ორგანოები და ჩვენ გვინდა, რომ, თუ რაიმე ახალი გარემოება გამოჩნდება, სათანადო ორგანოების მიერ თავიდან იქნეს გამოძიებული,“ - განაცხადა ხათუნა ჩხაიძემ.
მკვლელობის ახალი გარემოებების შესახებ საზოგადოებამ ერთი კვირის წინ პოსტ-სკრიპტუმში გასული სიუჟეტიდან შეიტყო, სადაც ერთ-ერთი პატიმარი გიორგის შეკვეთილი მკვლელობის შესახებ საუბრობდა, რომელიც ხელისუფლებამ დაგეგმა. კოტე ციხისთავის ინფორმაციით, გიორგი სანაია ხელისუფლების დავალებით, ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებულმა შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა.
დღეს, 24 თებერვალს, გიორგი სანაიას 43 წელი შეუსრულდებოდა. ცნობილი ტელეწამყვანი 2001 წლის ივლისში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. მისი მკვლელობის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.