ქიაჩელის ქუჩის მცხოვრებლები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მრავალფუნქციური შენობა მიწის ზემოთ ექვსი, მიწის ქვეშ კი ოთხი სართულისგან შედგება, რასაც არამყარი ქანები ვერ გაუძლებს და პრობლემას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სახლებს შეუქმნის.
ადგილობრივების განცხადებით, ვიწრო და ცალმხრივი მოძრაობის ქუჩა, კორპუსის სრულად დატვირთვის შემთხვევაში, მანქანების ნაკადსაც ვეღარ დაიტევს.
პროექტის და მშენებლობის კანონიერების შესწავლის მოთხოვნით, ქიაჩელის ქუჩის მცხოვრებლებმა მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე მიმართეს.
„ეს არის ისტორიული ქუჩა. აქ ასეთი მშენებლობის დაწყება და ასეთი საზიზღრობის გაკეთება არ შეიძლება,“ - განაცხადა ასმათ ტყაბლაძემ.
კომპანია ქიაჩელი რეზიდენსის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ კორპუსის მშენებლობა მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნის.