18 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
სექსუალური ძალადობა 57 წლის ქალზე - დაზარალებულის მტკიცებით, მოძალადის ოჯახი ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ თანხას სთავაზობდა 

57 წლის ჟუჟუნა ზარნაძის მტკიცებით, მასზე 30 წლით უმცროსმა მეზობელმა სექსუალურად იძალადა.

შემთხვევა ვალეს რაიონში 2017 წლის 19 დეკემბერს ნიკოლოზობის დღესასწაულზე მოხდა. ეკლესიის მესანთლეს თქმით, 27 წლის მამაკაცმა მას სცემა და გააუპატიურა. 

ჟუჟუნა ზარნაძე ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა მეზობელს მისი გაუპატიურების მცდელობა ადრეც ჰქონდა. ქალის მტკიცებით, ბრალდებული რამდენიმე თვის წინ გვიან ღამით მძინარეს სახლში შეუვარდა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, თუმცა, 57 წლის ქალმა მაშინ გაქცევა მოახერხა. 

57 წლის ქალი ყვება, რომ მოძალადე განსაკუთრებით აგრესიული იყო. სექსუალური ძალადობის შემდეგ კი გააფრთხილა, რომ არავისთვის არაფერი ეთქვა. ბრალდებულის წასვლისთანავე ქალი სხეული დაზიანებებით ვალეს პოლიციის განყოფილებაში მივიდა. 

სამართალდამცველებმა 27 წლის სექსუალური მოძალადე რამდენიმე საათში დააკავეს. ბრალდებულმა 57 წლის თანაქალაქელის გაუპატიურება აღიარა, თუმცა, მამაკაცის დაკავებიდან რამდენიმე დღეში დაზარალებული ჟუჟუნა ზარნაძის მტკიცებით, ბრალდებულის ოჯახმა მასზე სისტემატიური ზეწოლა დაიწყო. პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ქალს დაკავებულის ოჯახი ფულსაც სთავაზობდა.

დაკავებულის ოჯახს ამ საქმეზე საუბარი არ სურს. ოჯახის ინტერესების დამცველი კი დაზარალებულ ჟუჟუნა ზარნაძეს თანხის გამოძალვის მცდელობაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ დაზარალებული ქალი დაკავებულის ოჯახს პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ თანხას თავად სთხოვდა.

დღის ამბები