ოკუპირებული ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის სოფელ წილკანში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
არჩილ ტატუნაშვილის დედა დარწმუნებულია, რომ შვილი მოუკლეს. მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმმა მის შვილს ანგარიში ეროვნულ ჯარსა და საერთაშორისო მისიებში სამსახურის გამო გაუსწორა.
ახალგორიდან დევნილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა.
დაღუპულის ოჯახს არ სჯერა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ვერსიის, რომ მისი ტატუნაშვილი კიბიდან დაგორების დროს გულის შეტევით გარდაიცვალა.
რა გახდა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზი და რატომ მოხვდა ის ცხინვალის ციხეში - ოჯახი უპასუხოდ დარჩენილ კითხვებზე პასუხს ითხოვს.
არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ორი დღის წინ დააკავეს. რამდენიმე საათში კი ის გარდაიცვალა. არაღიარებული რესპუბლიკის უწყებები მას ბრალს დივერსიაში სდებენ და ქართული სპეცსამსახურების აგენტად ასახელებენ. ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ორ მეგობართან ერთად გაიტაცეს.
იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქიტუშვილი ორდღიანი პატიმრობის შემდეგ დღეს, დღის ბოლოს გაათავისუფლეს. თუმცა, სახლში ჯერ ვერ ბრუნდებიან. ისინი ამჟამად ახალგორში მათ ნათესავებთან იმყოფებიან. კურიერის ინფორმაციით, გათავისუფლებულებს დოკუმენტებს არ უბრუნებენ, რის გამოც ე.წ. საზღვარს ვერ ტოვებენ.