ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის მეგობრები ამ დრომდე ოკუპირებულ ახალგორში რჩებიან. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ციხიდან გუშინ გაათავისუფლეს, თუმცა ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ შესაბამისი დოკუმენტაცია ჩამორთმეული აქვთ.
ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს.
„გათავისუფლებულები ლევან ქუტაშვილი და სოსო პავლიაშვილი არიან თავიანთ ოჯახებში, ოკუპირებულ ახალ გორის ტერიტორიაზე. მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება საბედნიეროდ. სამწუხაროდ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან საბუთს არ აძლევენ და ვერ გამოდიან. ჩამორთმეული აქვთ ე.წ. "პროპუსკი" და პირადობის მოწმობა. შიშით ალბათ, სამწუხაროდ ასეა, ვერ ისაუბრებენ ჯერ, რა თქმა უნდა, გარკვეული ინფორმაციები ექნებათ, მაგრამ ამაზე ჯერ არაფერი საუბარი არ მიდის,“ - განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.
რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილს, ის ამ დრომდე არ გადაუსვენებიათ საკუთარ მშობლიურ სოფელში. ახალგორის გამგებელი ამბობს, რომ შეთანხმების მიხედვით, ის გუშინ უნდა გადმოესვენებინათ, რაც ასე არ მოხდა.
„რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებას, გუშინ გვქონდა მოლოდინი, ასეთი იყო შეთანხმება, სამწუხაროდ არ მოხერხდა და როგორც შესაბამისი სტრუქტურები, ვინც მოლაპარაკებებს აწარმოებენ, გვეუბნებიან, ხვალ ან ზეგ უარეს შემთხვევაში ზეგ უნდა გადმოგვცემენ," - აცხადებს ნუგზარ თინიკაშვილი.