გორში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით მუზეუმი გორის უნივერსისტეტში საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.
მუზეუმი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ამოქმედდა და მისი მიზანი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.
გიორგი მარგველაშვილმა საჯარო ლექციაც წაიკითხა და არაერთ აქტუალურ თემას შეეხო. მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა ოს და ქართველ ხალხს შორის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაც ოკუპირებულ ცხინვალში სწორედ ამ ურთიერთობის დანგრევას ემსახურება.
„ჩვენ და ოსებს გვაქვს საერთო მომავალი. ოსები შეადგენდნენ ქართული საზოგადოების შემადგენელ ძალიან სერიოზულ ძარღვს ჩვენი ერთიანი საზოგადოებრივი სხეულისა. სწორედ ამ სიძლიერეს დაარტყეს ორი დღის წინ როდესაც თანამებრძოლი მოგვიკლეს ახალგორში. იქ იყო უკვე დაწყებული მეგობრობა, ერთიანი კომერციული ინტერესები და ამას ურტყავს ხოლმე ყოველთვის რუსი. ასე რომ იცოდეთ თქვენი ძალა, თქვენი იარაღი არის ხოლმე ის ურთიერთობა, რაც გაქვთ ოსებთან და ეს ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს. ამ ურთიერთობას დაარტყა რუსეთმა 90-იანებშიც, ამ ურთიერთობას ურტყამდა 2008 წელს, ამ ურთიერთობს პირდაპირი დარტყმა არის ის მავთულხლართები რასაც აქ აგებენ რომ ჩვენ ერთმანეთთან არ ვიურთიერთოთ,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.