საზოგადოების ნაწილი შატბერაშვილისა და კეკელიძის ქუჩების კვეთაზე მშენებლობის შეჩერებას ითხოვს. ამ მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ასევე პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები შეიკრიბნენ.
შეკრებილების მტკიცებით, მიმდინარე პროცესი მთაწმინდის ქედის ჩამოშლას იწვევს, რაც მოსახლეობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. აქციის მონაწილეებმა შესაბამისი პეტიციაც შეიმუშავეს, რომლის მეშვეობითაც, ისინი თბილისის მერს მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ითხოვენ.
დღესვე ცნობილი გახდა ინფორმაცია ახალი სამოქალაქო მოძრაობის დაარსების შესახებ.
„კატეგორიულად მოვითხოვთ და მივმართავთ ქალაქის მერს, რომ შეწყვიტოს ეს პროცესი და აიღოს პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე. ამის გამო, ვაფუძნებთ ორგანიზაციას „ქალაქი ჩვენია“ და მზად ვართ თანამშრომლობისთვის, თუმცა ველით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს,“ - განაცხადა საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა.
მოძრაობა ”პარტიზანული მებაღეობის” დამფუძნებელი ნატა ფერაძე მოძრაობაში გაერთიანებისკენ პოლიტიკურ პარტიებს და სხვადსხვა მოძრაობებს მოუწოდებს.
„ვიწყებთ ინტენსიურ სამოქალაქო, იურიდიულ პროტესტს, პოლიტიკური პარტიების პროტესტს. ჩვენ არ ვიბრძვით, ჩვენ არ ვებრძვით ამ შემთხვევაში არსებულ მთავრობას, ჩვენ მოვუწოდებთ მათ რომ ამ ქალაქში მათმა შვილებმაც უნდა იცხოვრონ და ეს ყველაფერი უნდა გავაჩეროთ,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.