ბოლნისსა და დმანისში, სადაც ოქროს „RMG გოლდი“ მოიპოვებს, აფეთქებების შედეგად გარემო ბინძურდება. აფეთქებების გამო წარმოქმნილი მტვერი ჰაერში იფრქვევა. გარშემო მიწის ზედაპირი არა შავი, არამედ ჟანგისფერია. კარიერს ვიწრო მდინარე ესაზღვრება, დაბინძურებული თხევადი მასა კი მდინარეს უერთდება. ადგილობრივებს წყლის შეფერილობა აშინებთ და ჰაერის დაბინძურებაზეც საუბრობენ.
„RMG გოლდი“ კიდევ ერთი, ახალი კარიერის აფეთქებას აპირებს. ამის შესახებ ცნობილი მიმდინარე კვირას, დმანისში ჩატარებულ შეხვედრაზე გახდა. კომპანიის გეგმებით უკმაყოფილოა არასამთავრობო სექტორი. ”მწვანე ალტერნატივა”, რომელმაც „RMG გოლდის“ საწარმოო საქმიანობის შედეგად დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა.
თუმცა, „RMG გოლდის“ გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არც საწარმოო დარღვევებსა და არც ჯარიმებს ადგილი არ აქვს. დღემდე უცნობია, კომპანიამ, რომელმაც საყდრისი ააფეთქა, გადაიხადა თუ არა წინა წლების განმავლობაში დაკისრებული 30 მილიონზე მეტი.
საყდრისის კომიტეტის წარმომადგენელს, ნინო ბურჭულაძეს ეჭვი აქვს, რომ კომპანიის გავლენა სახელისუფლებლო წრეებში დიდია. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც „RMG გოლდის“ წამყვან თანამდებობზე მუშაობენ, გარემოს დაცვის სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები არიან.
„RMG გოლდში“ არსებულ ნეპოტიზმზე ნინო ბურჭულაძის მსგავსად, „არემჯი“ კოპერის ყოფილი თანამშრომელი მანანა მიქელაძეც საუბრობს.
ვარაუდს სახელმწიფო უწყებებთან „RMG გოლდის“ მჭიდრო კავშირების თაობაზე, გარემოს დამცველებს ის ფაქტიც უმყარებს, რომ რამდენიმე წელია მთავარი პროკურატურა მალავს ინფორმაციას „RMG გოლდის“ მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის გამოძიების შედეგებზე.
ავტორი: ნანიკო სისვაძე.