18 ნოემბერი 2024,   02:13
ვრცლად
ბიჭი, რომელმაც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში თხილამურებით სრიალისას 12 წლის გოგონა იმსხვერპლა, სასამართლომ გაამართლა

ბიჭი, რომელმაც თხილამურებზე სრიალისას 12 წლის გოგონა იმსხვერპლა, სასამართლომ გაამართლა.

შემთხვევა 2  წლის წინ გუდაურში მოხდა. 12 წლის სალომე ტატიშვილი 10 იანვარს, თავის ორ დასთან და სპორტული სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ტრასაზე, კუდები სამზე სრიალებდა.

თვითმხილველების თქმით, სალომეს დიდი სისწრაფით და ხელჯოხების გარეშე დაშვებული მოთხილამურე შეეჯახა, რომელიც თავადაც დაიმტვრა, მაგრამ გადარჩა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის 18 წლის გიორგი ლიპარტელიანი იყო. მას ბრალი პროკურატურამ 12 წლის სალომე ტატიშვილის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის წაუყენა.

სასამართლომ ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ორი წლის შემდეგ კი გიორგი ლიპარტელიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა უდანაშაულოდ სცნო.

სალომეს მშობლები დარწმუნებულნი არიან, რომ მოსამართლემ არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა. ამასთან, გარდაცვლილის მშობლები მტკიცებულებების გაყალბებაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ გიორგი ლიპარტელიანი შეჯახებისას ნასვამი იყო და მას ალკოტესტი თბილისში, კლინიკაში მოთავსებისა და ფიზიოლოგიური ხსნარის რამდენჯერმე გადასმის შემდეგ გაუკეთეს.

განაჩენში მოსამართლე განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებები და არგუმენტები არ იყო საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მათ შორის თხილამურებით სრიალის მაქსიმალურ სიჩქარეს კანონი არ არეგულირებს და სპორტის ეს სახეობა ექსტრემალურია და თავის თავში მოიცავს ტრავმებს.

  

დღის ამბები