18 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
ორჯერ გაძევებული - აფხაზეთიდან დევნილი 84 წლის მოხუცის ბრძოლა გაჭირვებასთან

აფხაზეთიდან დევნილი 84 წლის მოხუცი უსახლკაროდ არის დარჩენილი. მოხუცი სახელმწიფოს ერთი ოთახის გამოყოფას წლებია სთხოვს, თუმცა უშედეგოდ.

ტარიელ თამლიანმა გულრიფშის და საკუთარი სახლ-კარის დაკარგვის შემდეგ თბილისში დევნილობას ოჯახთან ერთად კოდორში გადასახლება არჩია. 2008 წელს, კოდორის დაცემის შემდეგ მეორედ მოუწია დევნილობა. აქედან იწყება ტარიელ თამლიანის დრამატული ისტორიაც.

მოხუცისთვის პატარა ქოხი ერთადერთი თავშესაფარია, რომელიც ახლობელმა დროებით დაუთმო. სიცოცხლის ბოლო წლებში უკიდურეს გაჭირვებასთან ბრძოლა სრულიად მარტოს უწევს.

ცივი ზამთრის გადატანა უჭირს. ოთახში ერთი ღუმელი უდგას და ისიც დაზიანებულია. შეშის მარაგი, რომ ამოეწურება მოსაგროვებლად ტყეში მიდის. იმის გამო, რომ ფართი დაურეგისტრირებელია, მოხუცს ელექტროენერგიაც არ აქვს. 84 წლის მოხუცი ხშირად მშიერია. მისი ყოველდღიური მენიუ უშაქრო ჩაი და ერთი ნატეხი პურია.

ერთადერთი ადამიანი, რომელიც ხანდახან აკითხავს, ყოფილი რძალია. თინა თამლიანი მამამთილი ყვება, რომ ლტოლვილთა სამინისტროს დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართა, დაპირებებიც უხვად მოისმინა, თუმცა რეალური დახმარება არ ჩანს.

სამინისტროშიც ადასტურებენ, რომ მოხუცს ბინის მისაღებად საკმარისზე მაღალი ქულა აქვს, თუმცა ჯერ კიდევ არ იციან მოხუცს რა ბედი ეწევა. 

ავტორი: თამთა ჩიტიშვილი .

 

დღის ამბები