18 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
მოქმედი მოსამართლის სკანდალური განცხადება - იუსტიციის საბჭო ირაკლი შავაძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს შეისწავლის

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლე ირაკლი შავაძის ბრალდებით ინტერესდება. არამოსამართლე და მოსამართლე წევრები თანხმდებიან, რომ შავაძის მიერ ბათუმის საქალაქო სასმართლოს თავმჯდომარის დავით მამისეიშვილისთვის წაყენებული ბრალდებები იმდენად სერიოზულია, რომ საჭიროებს დამატებით შესწავლას.

თუმცა საბჭოს წევრების ნაწილმა დღეს არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ირაკლი შავაძის განცხადება უკავშირდებოდეს „გაბრაზებული კაცის" საუბარს, რომელიც არ დაინიშნა მის მიერ მოთხოვნილ თანამდებობაზე.

„ბატონი შავაძე ალბათ გაბრაზებული კაცის პოზიციიდან საუბრობს, ის არ დანიშნა და ახლა ფუთავს ამას ყველაფერს. თუმცა მას თავისუფლად შეეძლო, რომ მანამდე გაეცხადებინა ეს მას და  არა იმ დროიდან როცა ის არ დაინიშნა. ამავე დროს მინდა ყურადღება გავამახვილო იმ საკითხზეც რომ ბატონ შავაძეს ვადა აქვს კიდევ დარჩენილი და შეიძლება კიდევ ერთხელ მოხდეს მსჯელობა, ან ორჯერაც მოხდეს ამ საკითხთან დაკავშირებით და ის რომ შავაძემ მიიღო გადაწყვეტილება რომ შავაძე აღარ იყოს მოსამართლე, ესეთი გადაწყვეტილება საბჭოს არ მიუღია. ის დღესაც მოსამართლეა. ჩვენ არავის არ დავაფარებთ ხელს. თუ საფუძვლიანი იქნება აბსოლუტურად არ არის ჩვენი ინტერესი ვინმეს ხელი დაეფაროს . არც ბატონ შავაძეს , არც ბატონ მამისეიშვილს,“-განაცხადა იუსტიციის საბჭოს წევრმა ირაკლი შენგელიამ.

იუსტიციის საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი კი არ გამორიცხავს, რომ თუ კი ირაკლი შავაძის მიერ გაჟღერებული ბრალდებების დადასტურდა, დადგეს კონკრეტული მოსამართლეების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.

„მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა, იმ ფორმით ჩარევა რასაც ბატონო ირაკლიმ შავაძე აცხადებს, რა თქმა უნდა თუ ეს დადასტურდა სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან, ვინც არ უნდა იყოს ეს სასამართლოს თავმჯდომარე იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა პირი, ეს შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს.

საბჭო არ აპირებს არავისთვის ხელის დაფარებას ვინც არ უნდა იყოს ეს, თავჯდომარე იქნება თუ მოსამართლე, ჩვენ შესაბამის კანონის საფუძველზე გათვალისწინებულ პროცედურას განვახორციელებთ. ეს შეიძლება იყოს დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება,“-განაცხადა იუსტიციის საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე კი მომხრეა, რომ ირაკლი შავაძის მიერ გამოთქმული ბრალდებებით პროკურატურა დაინტერესდეს.

„მოსამართლე შავაძის განცხადებამ დასაბამი მისცა ძალიან სერიოზულ პროცესებს. ის მოიცავს ძალიან სერიოზულ ბრალდებებს და ამ ბრალდებებს ბუნებრივია უნდა მიექცეს ყურადღება შესაბამისი ორგანოების მხრიდან,“-განაცხადა იუსტიციის საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძეს ეთანხმება ნაზი ჯანეზაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ მოქმედი მოსამართლის მიერ გამოთქმული ბრალდებები შესწავლის საგანი უნდა გახდეს.

„ეს შესაძლო ჩარევის ფაქტები ბუნებრივია შესწავლის საგანი უნდა გახდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ის ორგანო რომელმაც სწორედაც რომ უნდა უზრუნველყოს მოსამართლის დამოუკიდებლობა,“-განაცხადა იუსტიციის საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ ირაკლი შავაძემ სკანდალური განცხადებები P.S-თან გააკეთა. მან სასამართლოს სისტემაში კლანურ მმართველობასა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა. 

დღის ამბები