იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარის პოსტზე მოსამართლე ლევან თევზაძე დაამტკიცა. ის იუსტიციის საბჭოს წევრია, თუმცა ახალი თანამდებობიდან გამომდინარე ლევან თევზაძე საბჭოს დატოვებს. კენჭისყრის დროს მას მხარი არ დაუჭირეს ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა.
იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა მესამე სექტორი. საიას პროექტების კოორდინატორი ეკატერინე ციმაკურიძე ამბობს, რომ იუსტიციის საბჭო წლების განმავლობაში ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე ნიშნავდა თავმჯდომარეებს.
მისი თქმით, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება მოსამართლე ირაკლი შავაძის ბრალდებები კლანურ მმართველობასა და მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო აკეთებს იგნორირებას ამ პრობლემების და კიდევ უფრო აძლიერებს კლანურ მმართველობას სასამართლო სისტემაში იმით, რომ ყოველგვარი პროცედურის, ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე ლევან თევზაძეს ნიშნავს პალატის თავმჯდომარედ,“-განაცხადა ეკატერინე ციმაკურიძემ.
იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვისაც“.
ორგანიზაციის იურისტი ოლიკო შერმადინი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ლევან თევზაძე მოსამართლე ირაკლი შავაძემ დაასახელა პირად, რომელიც ახორციელებს არაჯანსაღ ქმედებებს სასამართლო სისტემის შიგნით, ის დაინიშნა თანამდებობაზე.
„მას შემდეგ რაც ირაკლი შავაძემ ლევან თევზაძე დაასახელა ერთ-ერთ იმ მოსამართლედ, რომელიც ახორციელებს შესაძლო არაჯანსაღ გავლენებს სასამართლოს სიტემის შიგნით, ამ განცხადებებიდან ორი დღის შემდეგ არ უნდა ხდებოდეს მისი გამწესება პალატის თავმჯდომარედ,“-განაცხადა ოლიკო შერმადინმა.