18 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
"იმედის ფანტაზიის ნაყოფი" - "ომეგა ჯგუფი" ტელეკომპანია "იმედს" სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

კომპანია „ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი ტელეკომპანია „იმედს" სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, გუშინ არხმა მოამზადა რეპორტაჟი „ტვ იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ შესახებ, რომელიც მთიანად სიცრუეზე იყო აგებული. მისი თქმით რეპორტაჟში ითქვა, რომ „ომეგა ჯგუფმა“ მოიგო სასამართლო, თუმცა ზარალის ანაზღაურება არავისთვის დაუკისრებიათ. მაშინ როდესაც 100 მილიონის ანაზღაურება დაეკისრა სასამართლო განჩინებით "ბრითიშ ამერიკან ტობაკოს.“ ლევან აღდგომელაშვილი ასევე აცხადებს, რომ სიუჟეტში ითქვა თითქოს უზენაესმა სასამართლომ „ომეგა ჯგუფის" სარჩელი არ განიხილა, რაც ასევე სიცრუეა. ლევან აღდგომელაშვილის მტკიცებით უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო, განიხილა, თუმცა არ დააკმაყოფილა.

ამასთან, „იმედის ფანტაზიის ნაყოფს“ უწოდებს ლევან აღდგომელაშვილის რეპორტაჟში გაჟღერებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სასამართლომ „ფილიპ მორისს“ 70 მილიონის გადახდა დააკისრა „ომეგა ჯგუფისთვის.“ ლევან აღდგომელაშვილის თქმით ასეთი გადაწყეტილება ბუნებაში არ არსებობს.

„ომეგა ჯგუფის და ტელეკომპანია „იბერიის“ ირგვლივ შექმნილ ვითარებას საზოგადოებრივი მაუწყებელი და "ტელეიმედი" იდენტური მესიჯ ბოქსებითა და ხელწერით აშუქებენ. "ტელეიმედი" ეს არის ის ტელეკომპანია, რომლის მფლობელობაშიც აღმოჩნდა "იბერიისათვის" 2004 წელს ძალით წართმეული სამაუწყებლო ლიცენზია. მაშინ როდესაც 2012 წელს "იმედი" თავის მფლობელებს დაუბრუნდათ. თავის დროზე ზეწოლის ქვეშ მყოფი ტელეკომპანიის მეპატრონეებს არც კი მოსვლიათ აზრად ზეწოლის მსხვერპლი "იბერიისთვის" დაებრუნებინათ მისი კანონიერი ლიცენზია. ტელეკომპანია "იბერიამ" თავისი ლიცენზია მხოლოდ სასამართლო დავის საფუძველზე დაიბრუნა, ამიტომ გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გაჟღერებულ  განცხადებაში, თითქოს ისინი სოლიდარულები არიან ზეწოლის ქვეშ მყოფი მედიასაშულებების მიმართ,“-განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა

დღის ამბები