მეხანძრე მაშველების რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ ცეცხლი თევდორე მღვდლის ქუჩაზე ლოკალიზებულია. ლიკვიდაციის მიზნით კი სამუშაოები ისევ გრძელდება.
ადგილზე მაღაზიების მფლობელები იმყოფებიან, ისინი ელოდებიან ხანძრის სრულად ლიკვიდირებას, რათა საკუთარ სავაჭრო ფართებში შევიდნენ.
მათი განცხადებით, პროდუქტი არ იყო დაზღვეული და აცხადებენ, რომ ზარალი ათიათასობით ლარის ოდენობის იქნება. ბაზრობის მოვაჭრეებს ეჭვი აქვთ, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს, თუმცა კონკრეტული პირების ინტერესებზე ვერ საუბრობენ.
,,პრობლემები შეგვექმნა ყველას, რას უნდა გაეჩინა ხანძარი, რომ ამდენი ხალხი ლუკმა-პურის გარეშე დავრჩით,“- ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ან რა ოდენობის არის ზარალი ამ დრომდე უცნობია. სავაჭრო ცენტრ ,,თერგს“ ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა, ბაზრობას რამდენიმე მეწილე ჰყავს, თუმცა მათ ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. პირველად ინფორმაციით, დამწვარია სავაჭრო ცენტრის 3000 კვ მეტრი ფართობი.