თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ "თერგში“ გაჩენილი ხანძრის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა სავაჭრო ცენტრის მფლობელების წარმომადგენელმა.
ადვოკატი გიგა კვერენჩხილაძე აცხადებს, რომ ისინი აქტიურად თანამშრომლობენ გამოძიებასთან. მისი თქმით, უკვე ამოღებულია კამერების ჩანაწერები. კვერენჩხილაძის განცხადებით, ადრეა საუბარი იმაზე, თუ რა შეიძლება გამხდარიყო ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
ადვოკატი ამბობს, რომ ბაზრობა დაზღვეული არ ყოფილა, მისი განცხადებით, დაზღვევა პირველი მარტიდან უნდა გამხდარიყო სავალდებულო. კეჭაყმაძე ამბობს, რომ დაზარალებულებს გარკვეული შეღავათები დაუწესდებათ.
"უმოკლეს ვადებში იქნება აღდგენილი შენობა, მანამდე დაზარალებულები გადანაწილდებიან სხვა ბაზრობებზე და მიიღებენ სავაჭრო ადგილებს შეღავათიანი პირობებით და მას შემდეგ, რაც აღდგენილი იქნება შენობა იქაც ისარგებლებენ შეღავათებით,“-აცხადებს კვერენჩხილაძე.
ხანძარი სავაჭრო ცენტრ "თერგში“ გასულ ღამეს გაჩნდა, ბოლო მონაცემებით, ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა 5000 კვ.მ ფართობი.