ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დროული გადმოცემა და მკვლელის დასჯა ქართული კანონმდებლობით - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ქართულმა მხარემ გალის ინციდენტების პრევენციის შეხვედრაზე დააყენა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა საოკუპაციო რეჟიმის მიერ კიდევ ერთი მოკლული ქართველის, გიგა ოთხოზორიას მკვლელის, კანჯი ოღლის გადმოცემა.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძემ განაცხადა, ოჯახის გაღიზიანების მიზეზი უწყებისთვის გასაგებია და ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მოხდეს არა მხოლოდ ცხედრის გადმოცემა, არამედ ჩატარდეს ობიექტური გამოძიებაც.
„ჩვენ აბსოლუტურად ვათვითცნობიერებთ და გვესმის ოჯახის სიბრაზე და ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც მოცემულ მომენტში ოჯახს აქვს და ვაკეთებთ ყველაფერს რათა ცხედარი დაუბრუნდეს ოჯახს, მოხდეს სიღრმისეული გამოძიება ამ საქმის. თუ ადგილი ჰქონდა დანაშაულს და ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი ცხადია გაგვაჩნია ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს და კითხვის ნიშნებს პასუხი უნდა გაეცეს,“-განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
საკითხს გამოეხმაურა შს მინისტრის მოადგილეც. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ უწყება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების თემაზე აქტიურად მუშაობს.
"საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უმოკლეს ვადაში ცხედარი იქნეს გადმოსვენებული,“-განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე კომენტარი იუსტიციის მინისტრმაც გააკეთა. თეა წულუკიანის თქმით მთავრობა პრემიერის ხელმძღვანელობით მუშაობს და არის კომუნიკაციაში ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ მოხდეს ცხედრის გადმოცემა.
„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ჩვენი ხელისუფლება ყოველ წუთიერად აქტიურად მუშაობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ოფიციალურ თუ არა ოფიციალურ, დე ფაქტო თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ, საქმეში ჩართულ პირებთან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გადმოვასვენოთ ცხედარი,“-განაცხად თეა წულუკიანმა.