ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები ამერიკის საელჩოში იმყოფებოდნენ. არხის პროდიუსერებმა, ჟურნალისტებმა და წამყვანებმა დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდეს ინფორმაცია ტელეკომპანიაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და „ომეგა ჯგუფზე“ განხორციელებულ ზეწოლაზე.
„მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ხელოვნურად შეიძლება გაჩერდეს ტელეკომპანია „იბერია“ და ხელოვნურად შეიძლება შეიცვალოს ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა. ჩვენ, ერთი კვირის წინ ვთქვით, რომ ხორციელდება „ომეგა“ ჯგუფზე ფინანსური დარტყმა, იმის გამო, რომ ვიღაცას არ მოსწონს ჩვენი მუშაობა. მივაწოდეთ ჩვენ ეს ინფორმაცია და დაგვპირდნენ, რომ შესაბამის ორგანიზაციებს და შესაბამის სამსახურებს მიაწოდებენ ჩვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას,“ - განაცხადა ტელეკომპანია ”იბერიას” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა.