„ევროპული საქართველო“ პარლამენტს „ოთხოზორია -ტატუნაშვილის სიას“ წარუდგენს. როგორც გიორგი კანდელაკი აცხადებს, პარტიამ უკვე მოამზადა რეზოლუცია, რომელსაც გააცნობს საკანონმდებლო ორგანოს.
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ მისი განმარტებით, უნდა მოხვდნენ ის პირები, რომლებიც დაექვემდებარებიან საერთაშორისო ბერკეტებს. კანდელაკის განმარტებით სიაში იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ოთხოზორიას, ტატუნაშვილის მკვლელობებსა და მსგავს დანაშაულებში ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური ქართველების მიმართ.
„ამ დანაშაულებთან რაიმე ფორმით კავშირში მყოფი პირებიც უნდა მოხვდნენ ამ სიაში,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, ეს პირები შენგენის სავიზო შავ სიაშიც უნდა მოხვდნენ.
„ეს იქნება ძალიან სერიოზული შემაკავებელი ფაქტორი, რომ მომავალში ასეთი რაღაცეები არ მოხდეს,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ამბობს, რომ თუ კი ამ ინიციატივას „ქართული ოცნება“ უარყოფს, ეს იქნება მმართველი პარტიისთვის საკუთარ ფეხებში სროლა.
გიორგი კანდელაკის განცხადებით აუცილებელია, ასევე საოკუპაციო პატრულის აღდგენა.