18 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა 7 მარტს, მოწმეთა დაკითხვით განახლდება

ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა 7 მარტს, მოწმეთა დაკითხვით განახლდება. დღევანდელ პროცესზე, ბრალდების მხარემ ქალაქის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის ზაზა ბაქრაძის ინტერვიუს საქმეში მტკიცებულებად დართვა მოთხოვა.

ბრალდების ეს მოთხოვნა დაცვის მხარემ გააპროტესტა, თუმცა მოსამართლემ ზაზა ბაქრაძის ინტერვიუს საქმეში მტკიცებულებად ჩართვის გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

დაცვის მხარე ეჭვობს, რომ კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელიც ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, ზეწოლის ქვეშაა.

„მოსამართლემ, არ ვიცი რატომ, დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა, იმიტომ რომ ეს არ არის სამართლებრივად სწორი. ის უნდა მოსულიყო, ან skype-ით დაკითხულიყო დისტანციურად, ან უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოში,“ - აცხადებს ადვოკატი კობა კობახიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე ამბობს, რომ ბაქრაძის ინტერვიუები ერთანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

„ბაქრაძის ყველა ინტერვიუ არის განსხვავებული. ზოგან ვარ უდანაშაულო, ცამდე მართალი, ბოლოს ვარ დამნაშავე. ბაქრაძე მერე რას ილაპარაკებს მომავალში, ღმერთმა უწყის," - აღნიშნა დონაძემ.

პროკურორი გიორგი ოსაძე აცხადებს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ ზაზა ბაქრაძის ინტერვიუს საქმეში მტკიცებულებად დართვის შესახებ,  სამართლიანად დაკმაყოფილდა.

„სასამართლომ განმარტება გააკეთა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილებულია იმ პირობით, რომ აღნიშნული დისკი, ვიდეოჩანაწერი, სადაც ბრალდებული საუბრობს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, დაერთო როგორც ინფორმაცია,“ - განაცხადა პროკურორმა.

დღის ამბები