18 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
მესამე სექტორი ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის ქონების უკანონოდ გადაცემის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის ქონების უკანონოდ გადაცემის ფაქტებზე არასამთავრობო სექტორი გამოძიების დაწყებას ითხოვს.

მესამე სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: “კომპანია "ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტს" უკონკურენტო აუქციონის გზით გადასცეს დაახლოებით 3 500 მ2 მიწა, რის შედეგადაც მერიამ დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. მეორე შემთხვევაში იგივე კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის სანაცვლოდ, მუნიციპალიტეტმა სხვა ტერიტორიაზე გადასცა სამი მიწის ნაკვეთი. რაშიც კომპანიამ აღნიშნული მიწების ღირებულებებს შორის სხვაობის დასაფარად გაცილებით ნაკლები გადაიხადა, ვიდრე ეს ყველა პროცედურის დროულად დასრულების შემთხვევაში მოხდებოდა. იკვეთება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები ქალაქის ქონებას არაგონივრულად განკარგავდნენ, რაც შესაძლოა გარკვეული კორუფციული გარიგების შედეგიც ყოფილიყო. ამ გარემოებებს კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ოთარ ფარცხალაძემ, სავარაუდოდ სწორედ ამ ანგარიშზე მუშაობის გამო გასულ წელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას, რაზეც დღემდე არ დასრულებულა გამოძიება.”

არასამთავრობოები მოუწოდებენ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება აუდიტის დასკვნის საფუძველზე და ასევე საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ლაშა თორდიაზე განხორციელებული ძალადობის ფაქტის გამოძიების შედეგების შესახებ.

დღის ამბები