პენსიონერებმა გარკვეული სახის მედიკამენტები, მათ შორის წნევის მარეგულირებელი წამლები, შესაძლოა მინიმალურ ფასად შეიძინონ. მედიკამენტების შეძენა დაბალ ფასად, სავარაუდოდ, ზაფხულიდან იქნება შესაძლებელი.
საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების მწარმოებელ ქართულ და უცხოურ კომპანიებთან უკვე დაიწყო.
მორიგი სამუშაო შეხვედრა სერგეენკოს უწყებაში დღეს გაიმართა. საუბარია ოთხი ქრონიკული დაავადების პრეპარატებზე, მათ შორის გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლების, დიაბეტის ფორმა ნომერი ორის და ფილტვის დაავადების სამკურნალო საშუალებებზე.
„პირველი გაფართოების ეტაპი იქნება, რომ ამ მოსარგებლეებს დაემატოთ ასაკით პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონეები, თუმცა მცირედ განსხვავებული ფორმატით. ყველაზე დიდი გამოწვევა რაც არის, ეს არის მეორე ტიპის დიაბეტი და პენსიონერებს და შშმ პირებს მიეცეთ საშუალება, რომ ამ დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტის ჯერადობით ნაკლებ ფასად შეიძინონ და წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში, იქნება რომ მთლიანად ამ მოსარგებლეებზე უკვე მთლიანად გაფართოებული, ანუ 50 მედიკამენტამდე პროგრამა განხორციელდეს,“ - განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.