18 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
ერთი გარდაცვლილი, 5 დაშავებული -  ექსკურსიაზე მიმავალ ბავშვებს შენობიდან ჩამოვარდნილი შუშა დაეცათ

უბედურ შემთხვევას თბილისში 14 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგიკული შემთხვევა ბარათაშვილის ქუჩაზე მოხდა. მოსწავლეებს შენობიდან ჩამოვარდნილი შუშა დაეცათ.

შემთხვევის შედეგად დაშავდა 6 მოზარდი. აქედან ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 14 წლის ასლან მამედოვს დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიღებული.

დანარჩენი დაზარალებულების სიცოცხლეს ექიმების თქმით, საფრთხე არ ემუქრება. მათგან ორი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, 3 კი „ამტელის“ სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული. მოზარდებს ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს.

დაშავებული ბავშვები ფონიჭალაში მდებარე 70-ე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში სწავლობენ. ისინი „მაკდონალდსში“ ექსკურსიაზე მასწავლებელთან ერთად მიდიოდნენ. ბავშვები ორბელიანის მოედანზე ჩამოვიდნენ ავტობუსიდან. შენობიდან შუშა იმ დროს ჩამოვარდა, როცა პედაგოგს მოზარდები გაჩერებაზე ერთად ჰყავდა შეკრებილი.

შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. მიმდინარეობს შენობის ექსპერტიზაც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები