დამწვარი სავაჭრო ცენტრის, „თერგის“ დაზარალებულები მოვაჭრეებს, დამწვარ მაღაზიებთან არ უშვებენ. პოლიციელებს ბაზრის ტერიტორია ისევ ცოცხალი ჯაჭვით აქვთ გადაკეტილი.
მოვაჭრეებს დამწვარ ობიექტებთან მხოლოდ მას შემდეგ მიუშვებენ, რაც ექსპერტიზა დაადგენს, რომ ხანძარს გადარჩენილი ადგილი მოქალაქეებისთვის უსაფრთხოა.
ასობით ათასი ლარის ღირებულების ქონების განადგურების შემდეგ, დაზარალებულები საკუთარი პროდუქციის აღწერას ისევ ვერ ახერხებენ. ბაზრობის თანამშრომლები ახლა მხოლოდ იმას ითხოვენ, რომ 5000 კ.მ. ფართობზე წაკიდებულ ძლიერ ხანძარს გადარჩენილი პროდუქტი მიიღონ.
წინასწარი ინფორმაციით ზარალი, ათობით მილიონი ლარია.
ნახანძრალ ტერიტორიას ისევ ექსპერტ-კრიმინალისტები სწავლობენ. სწორედ მათ უნდა დაადგინონ, 26 თებერვლის ღამეს „თერგის“ ბაზრობის სხვადასხვა სართულებზე ერთდროულად როგორ გაჩნდა ცეცხლის კერები.
ამ საეჭვო გარემოებაზე ბევრი კითხვა აქვს „თერგის“ ადმინისტრაციას. დირექცია ახლა გამოძიების დასრულებას ელოდება. ხელმძღვანელობას ჯერ ისევ არ აქვს კონკრეტული გეგმა - რა შეღავათებს მიიღებენ ქონების გარეშე დარჩენილი მოვაჭრეები.
5000 კვ.მ. ფართობზე გავრცელებული ხანძრის ლიკვიდაცია მაშველებმა 35 საათიანი სამუშაოების შემდეგ მოახერხეს. სრულად არის განადგურებული ის პროდუქცია, რომლებსაც მოვაჭრეები სავაჭრო ობიექტის მესამე სართულსა და სარდაფში ინახავდნენ.