„ქართული ოცნება“ ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციაში ადანაშაულებს.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ძალადობა დაუშვებელია თუმცა ის რაც ბორჯომის საკრებულოში მოხდა უნდა გახდეს შესაბამისი ორგანოების შესწავლის საგანი.
მმართველი გუნდის წევრი მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ პროვოკაციას.
„როდესაც საუბარია პოლიტიკურ დებატებზე, როდესაც საუბარია პოლიტიკურ წესებზე არ არის სასურველი არანაირი ძალადობრივი აქტი თუ ძალადობრივი ქმედება. თუმცა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ უნდა დაველოდოთ რა მოხდა და გაირკვეს კონკრეტულად და დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები თუ რას ჰქონდა ადგილი. ფაქტია, რა შთაბეჭდილებაც მე ერთი შეხედვით მრჩება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ რჩება სხვა რესურსი გარდა პროვოკაციებისა და გარდა იმისა, რომ მიმართოს ყოველგვარ ქმედებას ისეთს რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ პროვოკაციასთან და გამოიწვევს ასეთი დაძაბულობის შექმნას,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ბორჯომის საკრებულოში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატებმა ბორჯომის მერიის საშტატო ნუსხა და თანამშრომლებისთვის ხელფასების საკითხი ჩააგდეს. „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებაში მყოფი მერიის 80-მდე მოხელემ ჯერ საკრებულოს პიკეტირება მოახდინა.
მათი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე საკუთრ კაბინეტში დაბლოკა.
მერიის თანამშრომლები უკვე სამი თვეა ხელფასს ვერ იღებენ. პრობლემა კი საშტატო განრიგი და საბიუჯეტო ხარჯებია რაზეც უმრავლესობაში მყოფი ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ ვერ თანხმდებიან.
საუბარია მერისა და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებისთვის ხელფასის მომატებაზე, რაც ბორჯომის საკრებულომ წინააღმდეგობის მიუხედავად დაამტკიცა.