ფონდ ,,იავნანას“ ფინანსური საქმიანობის შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში პაატა ბურჭულაძის მეუღლეს დაკითხავენ.
ანჟელა ვასილენკო გერმანიის მოქალაქეა და მისი დაკითხვაც სწორედ ამ ქვეყანაში მოხდება, თუმცა მანამდე საქართველოს პროკურატურას მისი ვიეტნამიდან გერმანიაში ჩასვლისა და მივლინების ხარჯების ანაზღაურება მოუწევს.
ვასილენკო გარკვეული პერიოდის მანძილზე ფონდის საქმიანობაში იყო ჩართული.
,,სათანადო უწყება უნდა გაეგზავნოს სათანადო წესით მოწმის სახით გამოკითხვის თაობაზე, უნდა აანაზღაუროს სახელმწიფომ მგზავრების ხარჯები მისი მოცდენის ხარჯები და ამგვარად დარეგულირდება ეს საკითხი. თავად ქალბატონი ანჟელა მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან“- ამბობს ადვოკატი სოსო ბარათაშვილი.
გამოძიება ფონდიდან ქველმოქმედების მიზნით მოგროვებული თანხების გაფლანგვას იძიებს, რასაც თავად ფონდის დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე აბსურდად და პოლიტიკურ დევნად აფასებს.