ბარათაშვილის ქუჩაზე სახელმწიფო ელექტროსისტემის ფასადიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშვებული მოზარდები კლინიკებში რჩებიან. მკურნალობას 5 მოზარდი გადის. ორი მათგანი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება, სამი კი ,,ამტელ ჰოსპიტალში“.
მედიკოსების თქმით, მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმების განმარტებით, დაშავებულები კლინიკიდან სავარაუდოდ დღეს გაეწერებიან.
,,ჩვენს კლინიკაში მკურნალობს ორი ავადმყოფი. დიაგნოზით - თავის ტვინის შერყევა, მრავლობითი დაზიანებები. მდგომარეობა სტაბილურია უარყოფითი დინამიკის გარეშე. სავარაუდოდ დღის ბოლოდან გაეწერებიან კლინიკიდან“-ამბობს მკურნალი ექიმი.
ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი ბესიკ წივწივაძის თქმით, რამდენიმე მოზარდს ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ. ერთ-ერთ მათგანს, დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა.
სახეზე მრავლობითი ჭრილობით შეიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში ორი მოზარდი გოგონაც.
შემთხვევისას სულ 6 მოსწავლე დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი თავის ტრავმების გამო საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.