თევდორე მღვდლის ქუჩაზე დამწვარ სავაჭრო ცენტრ ,,თერგთან"" დილიდან დაზარალებული მოვაჭრეები შეიკრიბნენ. ისინი უკვე მესამე დღეა შენობაში შესვლის ნებართვას ელოდებიან.
მოვაჭრეთა ნაწილის განცხადებით, მათ პირობა მიიღეს, რომ დღეს მაღაზიებში შეუშვებენ და გადარჩენილი პროდუქტის გამოტანასაც შეძლებენ. მოვაჭრეების თქმით, ზარალი საკმაოდ დიდია.
,,150 ათასი მქონდა ნაშთი. ცეცხლი საიდან გაჩნდა არ ვიცი. 300 ლარი მედო ხურდებით და იმის გამოსატანად არ შემიშვეს“-ამბობს მოვაჭრე თენგიზ კვაშილავა.
მოვაჭრეები დღეს ბაზრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრასაც ელოდებიან. ადმინისტრაციამ დაზარალებულებს ალტერნატიული სავაჭრო ფართის გამოყოფის შესახებ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია.
სავაჭრო ცენტრ ,,თერგი”-ს დირექტორის მოადგილე კი აცხადებს, რომ ადგილზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ ექსპერტ კრიმინალისტები და მათგან მიიღეს პირობა, რომ დღეს მოვაჭრეები შესვლას და გადარჩენილი პროდუქტის გამოტანას შეძლებენ.
5000 კვ.მ. ფართობზე გავრცელებული ხანძრის ლიკვიდაცია მაშველებმა 35 საათიანი სამუშაოების შემდეგ მოახერხეს. სრულად არის განადგურებული ის პროდუქცია, რომლებსაც მოვაჭრეები სავაჭრო ობიექტის მესამე სართულსა და სარდაფში ინახავდნენ.
ნახანძრალ ტერიტორიას ისევ ექსპერტ-კრიმინალისტები სწავლობენ. სწორედ მათ უნდა დაადგინონ, 26 თებერვლის ღამეს „თერგის“ ბაზრობის სხვადასხვა სართულებზე ერთდროულად როგორ გაჩნდა ცეცხლის კერები.