ბარათაშვილის ქუჩაზე შუშის ჩამოვარდნისას დაშავებული მოსწავლეები ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩებიან.
მათი ნაწილი მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის, საუნივერსიტეტო კლინიკაში, ხოლო ნაწილი კი „ამტელში ჰოსპიტალშია“ მოთავსებული. ექიმები ამბობენ, რომ ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დაზიანებების სიმძიმიდან გამომდინარე ისინი კვლავ მედიკოსების მეთვალყურეობას საჭიროებენ.
„სამი პაციენტი შემოვიდა ჩვენთან. ერთს ჰქონდა დიდი ზომის ჭრილობა თხემის არეში, რომელიც დამუშავდა , გაიკერა. აგრეთვე აღენიშნებოდა ტავის ტვინის შერყევა. მეორეს , თავის ტვინის შერყევა და ჭრილობები სახის არეში, რომელსაც აგრეთვე ჩაუტარდა ქირურგიული დამუშავება. და მესამე პაციენტს ესკორიაციები ზოგადად სხეულის და თავის არეში და თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი. ჩაუტარდებათ სათანადო გამოკვლევები და იმის შემდეგ გადაწყდება. შესაძლოა კიდევ ერთი დაკვირვების მიზნით გავაჩეროთ,“-განაცხადა „ამტელ ჰოსპიტალის“ ქირურგმა ლაშა მაჭარაშვილმა.
„ამტელ ჰოსპიტალში“ მკურნალობას სამი პაციენტი გადის. ორი მოზარდი კი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. ისინი დღის ბოლოს სახლში გაეწერებიან.
„მდგომარეობა სტაბილურია. უარყოფითი დინამიკის გარეშე. ჩატარდა პირველადი კვლევები. უგრძელდებათ მკურნალობა და სავარაუდოდ დღის ბოლოსთვის გაეწერებიან კლინიკიდან,“-განაცხადა მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის, საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა ნევროლოგმა ნინო ლალიანმა.
ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ელექტროსისტემის შენობიდან შუშა გუშინ ჩამოვარდა. ის ექსკურსიაზე მყოფ მოსწავლეებს დაეცა. დაზარალდა 6 ბავშვი, მათგან ერთი -14 წლის მოზარდი კლინიკაში გარდაიცვალა.