თევდორე მღვდლის ქუჩაზე დამწვარ სავაჭრო ცენტრ „თერგის" ტერიტორიაზე დაზარალებულ მოვაჭრეებს დღეს შეუშვებენ. დამწვარ ბაზრობასთან მოვაჭრეები დილიდან შეიკრიბნენ და შენობაში შესვლას ითხოვდნენ.
დაზარალებულებთან ცოტა ხნის წინ "თერგის" დირექტორის მოადგილე მივიდა და განუცხადა მათ, რომ გამომძიებელთან და დაცვის სამსახურთან ერთად ისინი შენობაში შევლენ.
„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურებიდან, ექსპერტ-კრიმინალისტებისგან, რომ ორგანიზებულად უნდა დავიწყოთ იმ ხალხის შეშვება, პირველ რიგში, ვისაც აქვს მალფუჭებადი პროდუქცია, ვისაც მიეცემა საშუალება, რომ ეს პროდუქცია აქედან გაიტანოს. ეს იქნება ორგანიზებულად გაკეთებული, ამაც დაესწრება გამომძიებელი და ჩვენი დაცვის სამსახურის წარმომადგენელი,“- განაცხადა „თერგის“ დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე იაშვილმა.
დამწვარ შენობაში შესვლას მოვაჭრეები რამდენიმე დღეა, ითხოვენ.
„საშემოსავლოებში გვაქვს ქვეყანა ვალები, რომ ვუთხრათ, აქეთ ყადაღას დაგვადებენ, რა უნდა ვქნათ. ვითხოვთ, გაგვიხსნან, შევიდეთ, ან ადგილები მოგვცენ,“- განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა მოვაჭრემ.