ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ოჯახი დახმარებას სახელმწიფოსგან ითხოვს. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ზუგდიდის მცხოვრები მალხაზ წურწუმია 22 თებერვალს დააკავეს. ის აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურისა და რუსეთის უშიშროების თანამშრომლებმა გალის რაიონში, ენგურის გამშვებ პუნქტზე აიყვანეს.
დაკავებულის ახლობლების ინფორმაციით, დაკავებისას წურწუმია ნასვამ მდგომარეობაში იყო და ენგურის ხიდზე ის შემთხვევით აღმოჩნდა.
ოჯახის თქმით, წურწუმიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და დახმარების თხოვნით სახელმწიფო სამსახურებს მიმართავენ.
„გალის იზოლატორში არისო. თვითონ დარეკა მოვხვდი, რუსებთან ვარო. დაგვეხმარონ, რამენაირად გამოუშვან. ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს,“-განაცხადა მალხაზ წურწუმიას ნათესავმა მზისადარი წურწუმიამ.