18 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის გადაწყვეტილება - ზვიად რატიანის საქმის გაშუქებისას ეთიკის ნორმები არ დარღვეულა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, პოეტ ზვიად რატიანის საქმის გაშუქებისას ეთიკის ნორმები არ დარღვეულა. გადაწყვეტილება საბჭომ დღეს მიიღო.

ბორდის წევრთა აზრით, მაუწყებელს არაფერი დაუშავებია, მაგრამ იმავდროულად ძალაში დარჩა  თვითრეგულირების საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სადავო ვიდეომასალა, სადაც ნასვამი რატიანის დაკავება იყო ასახული, ვებგვერდიდან აიღეს.

სამეურვეო საბჭო ბოლო ინსტანცია იყო, სადაც რატიანს და მისი ინტერესების დამცველებს დავა შეეძლოთ.

ზვიად რატიანის ინტერესების დამცველები მიიჩნევდნენ, რომ მაუწყებელმა პოეტის პირადი ცხოვრება ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია.

„პირდაპირ არის განსაზღვრული მაუწყებელთა კოდექსის თუ რას გულისხმობს სიძულვილის გაღვივება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და ცალსახად ეს ყველაფერი დარღვეული იყო. ეს საკითხი ცალსახად ექვემდებარება თვითრეგულირების ორგანოს ფარგლებში განხილვას და სამეურვეო საბჭო ამ შემთხვევაში არის ბოლო ინსტანციის ორგანო, რომელმაც ეს საკითხი განიხილა,“- განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, მარიამ გოგოსაშვილმა.

დღის ამბები