სოსო რობაქიძე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში მოსახლეობა იხილავს კადრებს, სადაც 2004 წლის 24 ნოემბერს მაშინდელი შს მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა - ამის შესახებ მან მთავარ პროკურატურაში შესვლამდე ისაუბრა.
მის პარალელურად საგამოძიებო უწყებაში მივიდა ზაზა ბაქრაძის ადვოკატიც, თუმცა სოსო რობაქიძის განცხადებით ის პროკურატურაში ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორთან კონკრეტული მაღალჩინოსნების ბრალეულობაზე სასაუბროდ მივიდა და ეს არ უკავშირდება უწყებაში ზაზა ბაქრაძის ადვოკატის ყოფნას.
რაც შეეხება ბრალდებულ ბაქრაძეს, სოსო რობაქიძის თქმით, ის არ არის წინააღმდეგი, რომ მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს, რადგან გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა და პროცესები რადიკალურად შეცვალა.
„მე არ ვიქნები წინააღმდეგი ეგ კაცი საპროცესო კი არა, საერთოდ რომ გაათავისუფლონ იმიტომ რომ ამ კაცმა ისეთი სიმართლე თქვა, რომ თავდაყირა დააყენა ყველაფერი. ამის შემდეგ დაიწყება ისეთი პროცესები , რომ მე მგონი კიდევ რამდენიმე ადმიანი გამოჩნდება ამ საქმეში. ბაქრაძის აღიარების შემდეგ, მე პრაქტიკულად დავიწყე მეორე საქმე. მეორე საქმე არის ჩინოვნიკების საქმე, სადაც პრეტენზია მაქვს მე და ვიცი ეს არის ღვინიაშვილი, წერეთელი, ოქრუაშვილი, ადეიშვილი და რესპუბლიკის პატრულის უფროსი,“-განაცხადა სოსო რობაქიძემ.