18 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
ზურა ბაქრაძის სკანდალური ინტერვიუ - ​სოსო რობაქიძე ელის, რომ შვილის საქმეში სხვა პირების ბრალი გამოიკვეთება 

კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსს ზაზა ბაქრაძეს პროკურატურა მომდევნო კვირას დაკითხავს. ბუტა რობაქიძის მამა ამტკიცებს, რომ მთავარმა პროკურატურამ ბაქრაძის სკანდალური განცხადების საფუძველზე ახალი გამოძიება უკვე დაიწყო.

ბუტა რობაქიძის მამას იმედი აქვს, რომ საქმეში ახალი ვიდეო კადრები, მტკიცებულებები, მოწმეები და ახალი ბრალდებულებიც იქნებიან. სოსო რობაქიძე არ გამორიცხავს, რომ საზოგადოებამ ირაკლი ოქრუაშვილის კადრებიც იხილოს, სადაც ჩანს, რომ იმ დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი 2004 წლის 24 ნოემბერს ბუტა რობაქიძისა და მისი მეგობრების დაკავების ადგილზეა.

სოსო რობაქიძის სკანდალურ განცხადებას, ახალი გამოძიების დაწყების თაობაზე უარყოფს მთავარი პროკურატურა. თუმცა, როგორც თავად დაზარალებული ამტკიცებს, ეს ინფორმაცია მას ქალაქის პროკურატურაში მისულ შეხვედრაზე უთხრეს.

შეხვედრაზე რობაქიძეს 4 საათიდან 5 საათამდე იყო დაბარებული. ამავე დროს, თბილისის პროკურატურაში მოსული იყო ზაზა ბაქრაძის ადვოკატიც. ორივე მხარე მედიასთან ამტკიცებდა, რომ ეს უბრალო დამთხვევა იყო და შეხვედრები ცალ-ცალკე გაიმართა.

საქმის პროკურორი დავით მეფარიძე ამბობს, რომ შეხვედრა ზაზა შონავასთან, დაცვის მხარის ინიციატივით შედგა. ადვოკატმა პროკურატურას საპროცესო გარიგება სთხოვა, რაზეც მთავარი საგამოძიებო უწყებისგან უარი მიიღო.

ძალოვანი უწყების იმ დროინდელი პრესსამსახურის უფროსი ამტკიცებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 24 ნოემბრის ღამეს შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. გურამ დონაძეს მიაჩნია, რომ ბაქრაძე პროკურატურას გაურიგდა და შესაბამისად მხარეები საპროცესო შეთანხმებას გააფორმებენ.

დღეს ზაზა შონავამ ბრალდებული გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში მოინახულა. უფლებადამცველი ამტკიცებს რომ ზაზა ბაქრაძე ბრალს აღიარებს და მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს. 

დღის ამბები