ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მუქარაზე საუბრობს. ირაკლი გოგიას მტკიცებით, მას ემუქრებიან და ქართულ-აფხაზური პროექტების შეწყვეტას სთხოვენ.
განცხადება ირაკლი გოგიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც დღის ბოლოს მობილურ ტელეფონზე ქართული ნომრიდან მუქარის შემცველი sms შეტყობინებები მიიღო.
გოგიას თქმით, მას მანამდეც ემუქრებოდნენ, თუმცა, ანონიმური მომხმარებლების გზავნილები დღეს სატელეფონო შეტყობინებებმა შეცვალა.
„სამი თვის წინ დაიწყეს ხან შემოთვლა, ხან ჭკუას მოეგეთ, რაებს აკეთებთ... ეს არიან ადამიანები, ვისაც არ აწყობს აფხაზების და ქართველების ერთად დგომა. გუშინ უკვე ერთ-ერთი ჩემი ინტერვიუ, უკვე გამოიდო გაურკვეველ ფორუმებზე, დაიწყეს ამის განხილვა ძალიან ცუდ კონტექსტში,“ - განაცხადა გოგიამ.
ახმეტელის თეატრი უკვე ორი ქართველი და აფხაზი მსახიობის მონაწილეობით რამდენიმე პროექტს ახორციელებს, ის ზეწოლას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს.
„საღამოს მივიღე sms შეტყობინება, რა თქმა უნდა, უცხო ნომრისგან, რომელსაც ვკითხე ვინ ხარ, რა გინდა, მიპასუხა, დამარიგა ჭკუა, რომ წესიერად მოიქეცი და შეეშვი საერთოდ ამ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს და შერიგების პროცესში ჩარევას,“ - განაცხადა ირაკლი გოგიამ.
სამხატვრო ხელმძღვანელისთვის გამოგზავნილ მუქარის შემცველ sms-სთან დაკავშირებით რეაგირება უკვე მოახდინა ახმეტელის თეატრის დასმა. მსახიობებმა უკვე შეიმუშავეს საგანგებო განცხადება, რომელსაც განათავსებენ როგორც სოციალურ ქსელში, ასევე, გაუგზავნიან შესაბამის უწყებებს.
მსახიობები სამართალდამცავებისგან ითხოვენ, რომ ამ შეტყობინებებსა და მუქარებთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება მოხდეს. ასევე, აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, დადგინდეს შეტყობინების გამომგზავნის ვინაობა და სამართალდამცავებმა იმოქმედონ კანონის შესაბამისად.