18 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
სავაჭრო ცენტრ ,,თერგის" დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილს, შენობაში შესვლის საშუალება მიეცათ 

თევდორე მღვდლის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრ ,,თერგში“ გაჩენილი ხანძრით დაზარალებულების ნაწილს შენობაში შესვლის საშუალება მიეცათ. მოვაჭრეების უმრავლესობის განცხადებით, მათი საქონელი მთლიანად განადგურებულია.
დაზარალებულებს ბაზრის ადმინისტრაციის დახმარების იმედი აქვთ და კონკრეტულ საშეღავათო პირობებს ელოდებიან, რათა საქმიანობის დაწყება შეძლონ.

,,ჩვენ მეორადებში ვართ. ყველაფერი დამწვარი და განადგურებულია. გვაძლევენ ადგილს. შეღავათებს გვპირდება დირექცია,“-ამბობს დაზარალებული ნათია ჩიქოვანი.

მათი თქმით, საუბარი არ არის ფულად კომპენსაციაზე. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, დირექციის დაპირებით, ისინი მხოლოდ ადგილის გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

,,ადგილებით დაგვაკმაყოფილებენ და 6 თვე არაფერს გადავიხდით. ყველაფერი განადგურებულია, არაფერი აღარ არსებობს,“-ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე ნანი ნაჭყებია.
ბაზრის ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ისინი მზად არიან დაზარალებულებს მაქსიმალურად დაეხმარონ. ალექსანდრე იაშვილის თქმით, ნებართვის მიღებისთანავე დაიწყება სამუშაოები, რათა სავაჭრო ცენტრ ,,თერგში“ ფართების გამოყოფა შესაძლებელი გახდეს. იაშვილი ვარაუდობს, რომ შენობის მესამე სართულის სრული დემონტაჟი მოხდება.

,,სავაჭრო ცენტრი უნდა აღვადგინოთ, რომ მივცეთ შესაძლებლობა მოვაჭრეებს გააგრძელონ საქმიანობა. წინასწარ ვერაფერს ვიტყვით , სანამ დასკვნა არ გვექნება, ნებართვა რომ გვექნება დემონტაჟს დავიწყებთ,“-აცხადებს იაშვილი.

ხანძარი სავაჭრო ცენტრში ოთხი დღის უკან გაჩნდა, დამწვარია 5000 კვ მეტრი ფართობი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.  

დღის ამბები