საპატრიარქოს დელეგაცია არჩილ ტატუნაშვილის ოჯახთან შესახვედრად ჩავა. სასულიერო პირები ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრებენ და გარდაცვლილისთვის პანაშვიდს გადაიხდიან.
სასულიერო პირების თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ტატუნაშვილის ოჯახს. მამა შალვა კეკელია ამბობს, რომ სასულიერო პირები ყოველდღიურად, მორიგეობით ჩავლენ და ოჯახს თანადგომას გამოუცხადებენ.
,,რამდენიმე ხანია ჩვენ ვფიქრობდით წასვლას, მაგრამ ველოდით, რომ გადმოასვენებდნენ და მერე ჩავიდოდით პანაშვიდზე. მაგრამ რადგან უკვე დიდ ხანია ცხედრის გადმოსვენება არ მოხდა, მის უწმინდესობასთან შეხვედრაზეც იყვნენ ოჯახის წევრები. რამდენიმე სასულიერო პირმა მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა ოჯახისთვის, ვაპირებთ ყოველდღე გავაკეთოთ ეს და სანამ ცხედარი არ გადმოასვენდება ვაპირებთ ოჯახის გვერდზე ვიყოთ,“-ამბობს მამა შალვა კეკელია.
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი გუშინ საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს საპატრიარქოში შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით დახმარებას საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს სთხოვს - სპეციალური წერილის გაგზავნასთან დაკავშირებით განკარგულება ილია მეორემ უკვე გასცა.