18 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
საპატრიარქოს დელეგაცია არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში ჩავიდა

საპატრიარქოს დელეგაცია არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში ჩავიდა.

სასულიერო პირები ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრებენ და გარდაცვლილისთვის პანაშვიდს გადაიხდიან. როგორც მამაოები განმარტავენ, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ტატუნაშვილის ოჯახს და ცხედრის გადმოსვენებამდე ყოველდღე აპირებენ ოჯახს თანადგომა გამოუცხადონ.

,,ეს არ არის მარტო ამ ოჯახის ტრაგედია ეს არის მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ადამიანები ვის ხელშიც ეს მისი წმინდა სხეულია და ცხედარია, დაგვიბრუნებენ სხეულს და დააბრუნებენ ცხედარს,“-თქვა მამა შალვა კეკელიამ.

მამა შალვა კეკელიას განცხადებით, სასულიერო პირები ამ დრომდეც აპირებდნენ წილკანში ჩასვლას, თუმცა ისინი ცხედრის გადმოსვენებას ელოდნენ. მამა შალვა აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ ცხედრის გადმოცემას საოკუპაციო რეჟიმი აჭიანურებს და ოჯახიც პატრიარქთან იმყოფებოდა შესახვედრად, გადაწყდა რომ სასულიერო პირები ყოველდღე ჩავლენ ტატუნაშვილის მშობლებთან.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი გუშინ საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს საპატრიარქოში შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით დახმარებას საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს სთხოვს. სპეციალური წერილის გაგზავნასთან დაკავშირებით განკარგულება ილია მეორემ უკვე გასცა.

დღის ამბები