ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი ისევ ამტკიცებს, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა და მის ცხედარს წამების კვალი არ აღენიშნება. განცხადებები ამ თემაზე ოკუპირებულ ცხინვალში საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა.
ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო ექსპერტი ამბობს, რომ ექსპერტიზა ტატუნაშვილის ცხედარს 22-23 თებერვალს ჩაუტარა, კვლევის შედეგად კი დაადგინა, რომ ცხედარს არც სისხლჩაქცევა, არც შიდა ორგანოების დაზიანება და არც თვის ტვინის დაზიანება აღენიშნებოდა, მას მხოლოდ ზედა და ქვედა კიდურების მცირე დაზიანებები აღმოაჩნდა.
ამავე ბრიფინგზე ე.წ. გენპროკურორის წარმომადგენელმა დაკავებისა და გარდაცვალების გარემოებებზე ილაპარაკა.
ვასილი პოლიაკოვის თქმით, ტატუნაშვილმა სამართალდამცველს პისტოლეტი გამოსტაცა, რა დროსაც ძალოვანები იძულებულები გახდნენ, ფიზიკური ძალა და სპეცსაშუალებები გამოეყენებინათ, რის შედეგადაც ის კიბიდან დაგორდა, თავი შეუძლოდ იგრძნო და სუნთქვის პრობლემები შეექმნა.