ვიდრე ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილების ოჯახი ცხედრის გადმოსვენებას ელოდება, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მომხდარი მკვლელობის გამართლებას ცდილობენ. საოკუპაციო რეჟიმმა ცხინვალში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახი მანამდე ვერ მიღებს, სანამ რუსეთის ფედერაციაში ექსპერტიზა არ დასრულდება.
მურატ ჯიოევი ამბობს, რომ ყოფილი სამხედრო 23 თებერვალს კი არ მოკლეს, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, ინალ ტეხოვი, რომელმაც, საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, ქართველი ჯარისკაცის ცხედარი გაკვეთა, ყვება რომ ტატუნაშვილს წამების კვალი არ ეტყობა, ამის დასტურად ცხედარს ფოტოები პირადად გადაუღო, თუმცა ის, როგორც მტკიცებულება, დღეს არ უჩვენებია.
საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურამ ტატუნაშვილის წამება მისი მკვლელობიდან ერთი კვირის შემდედ კატეგორიულად უარყო. მათი განცხადებით, ტატუნაშვილს ბრალი გენოციდსა და დივერსიულ საქმიანობაში ედება.
ახალგორის მოსახლეობასთან შეხვედრისას გამგებელმა, ფილიპ ხაჩიროვმა განაცხადა, რომ მას ბრალი ტატუნაშვილის სიკვდილში არ მიუძღვის. ის, რომ 23 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე ახალგორის გამგებელია, საზოგადოებაში რამდენჯერმე გაჟღერდა.
თბილისისა და მცხეთის სამღვდელოება კი დღეს წილკანში ტატუნაშვილების ოჯახში ჩავიდა და მათ პატრიარქის სახელით შვილის ცხედრის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა.
ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს წერილი გაუგზავნა. რუსეთის პატრიარქს ილია მეორე სთხოვს, რომ გამოიყენოს თავისი გავლენა და მოსკოვს მიმართოს, რომ მოკლული ქართველი მეომრის ცხედარი ოჯახს დროულად გადასცენ.