18 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
მოძრაობა „ქალაქი ჩვენიას“ წევრები მთაწმინდის ქედის მიმდებარედ ჭონქაძის ქუჩაზე, სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ

მთაწმინდის ქედის მიმდებარედ ჭონქაძის ქუჩაზე, სასტუმროს მშენებლობას სამოქალაქო მოძრაობა „ქალაქი ჩვენიას“ წევრები აპროტესტებენ. შეკრებილების განცხადებით, ტერიტორიაზე მშენებლობა სახიფათოა, ვინაიდან ის სეისმურად აქტიური და მეწყერსაშიში ზონაა.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეების განცხადებით, მშენებლობა გზის კიდევ უფრო მეტად გადატვირთვას გამოიწვევს.

მოძრაობის წევრები პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობენ.  ისინი თბილისის მერს მიმართავენ, რათა დროებით მშენებლობები შეჩერდეს და მასთან პირისპირ შეხვედრას ითხოვენ.

„რამდენიმე წლის წინ ჩამოწვა მეწყერი, გაანადგურა ბენზინგასამართი სადგური და დაიხოცნენ ადამიანები. სამწუხაროდ, ამ მაგალითიდანაც ვერ გამოვიტანეთ ლოგიკური დასკვნები და მიმდინარეობს ჩვენი ექსპერტების მოსაზრებებით, საშიში მშენებლობა,“ - განაცხადა საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებს დღეს კახა კალაძემ უპასუხა.

„მარტივად ვიტყვი, ჩვენი კარი არის ყველასთვის ღია. ვისაც რაიმე შეკითხვა აქვს, პრობლემა არსებობს, ჩვენი მზად ვართ ყველასთან შეხვედრისთვის, გავიაროთ ინდივიდუალურად, კონკრეტული ქეისები, ასე რომ პრობლემა არავის არ აქვს ჩვენთან კომუნიკაციის,“ - აღნიშნავს კახა კალაძე.

აქცია ამ დროისთვის დასრულებულია. 

დღის ამბები