11 დღეა ტატუნაშვილების ოჯახი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების პასუხს ელის. ამ დრომდე ქართულმა მხარემ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ვერ შეძლო.
არჩილ ტატუნაშვილი ახალგორში 23 თებერვალს დააკავეს და მილიციაში გადაიყვანეს. რატომ? - ეს მხოლოდ მისმა მეგობრებმა იციან, რომლებიც ამ დრომდე რუსული რეჟიმის მიერ ოკუპირებულ ახალგორში რჩებიან.
მომხდარის რამდენიმე ვერსია ვრცელდება. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, გამშვებ პუნქტზე პირველი კონფლიქტი 22-ში მილიციასთან მოხდა. ტვირთის გატარების სანაცვლოდ ოფიციალურად დადგენილი ტარიფის გარდა სეპარატისტები მათგან დამატებით თანხას ითხოვდნენ.
ამ ინციდენტიდან მეორე დღეს, არჩილი და მისი მეგობრები ახალგორში შესვლის დროს დააკავეს და ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც კიდევ ერთი კონფლიქტი მოხდა.
განსხვავებულ ვერსიაზე წერს ჟურნალისტი მურად გუკემუხოვი და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასა და მისი მეგობრების დაკავებას ახალგორის პოლიციის უფროსს უკავშირებს. ამ ვერსიის მიხედვით პოლიციის უფროსს ალექსანდრე ჯიოევს, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა, გასულ წელს კონფლიქტი და ჩხუბი მოუხდა ახალგორში დაკავებულებიდან ერთ-ერთის, ლევან ქუტაშვილის ძმასთან. ჟურნალისტი წყაროზე დაყრდნობით არ გამორიცხავს, რომ 23 თებერვალს ქართველების დაკავების მიზეზი, სწორედ წარსულში დაწყებული კონფლიქტი გამხდარიყო.